ბავშვის
დაბადებისთანავე იწყება და მესამე კლასში მთავრდება ის გზა, რომელიც უნდა გაიაროს
მან მკითხველად ჩამოყალიბებისათვის. ამ პერიოდის დასასრულს ბავშვს უნდა შეეძლოს
გამართულად კითხვა და წაკითხულის გააზრება, რათა წარმატებით განაგრძოს სწავლა არა
მარტო მომდევნო მეოთხე კლასში, არამედ შემდგომში-სკოლასა და ცხოვრებაშიც.
წერა-კითხვის
სწავლება სკოლაში წასვლამდე გაცილებით ადრე-ოჯახში იწყება. როდესაც ბავშვს ესმის,
როგორ საუბრობენ, იცინიან, მღერიან ოჯახის წევრები, იგი სწავლობს სასაუბრო ენის
ბგერებს, რომლებიც ავსებს მის სამყაროს. როდესაც ესმის, როგორ უკითხავენ უფროსები
ზღაპრებს და ხედავს, როგორ კითხულობენ თავად უფროსები ჟურნალ გაზეთებსა და
წიგნებს, ბავშვი ცდილობს, გაიგოს ნაწერი ტექსტის ენა.
რა უნდა გავაკეთოთ
შინ
ყველაზე მნიშვნელოვანი სამი აქტივობა
·
ხშირად ესაუბრეთ ბავშვებს, რათა განუვითაროთ
საუბრისა და მოსმენის უნარი.
·
ხშირად წაუკითხეთ ან წაიკითხეთ ბავშვთან ერთად.
ესაუბრეთ წიგნის შინაარსისა და გამოყენებული სიტყვების შესახებ.
·
ჰკითხეთ ბავშვის მასწავლებელს, როგორ დაეხმაროთ
შვილს შინ ვარჯიშში და საშინაო დავალების შესრულებაში.
გაამყარეთ შინ ის ცოდნა, რომელსაც ბავშვი იღებს
სკოლაში ასო-ბგერების შესახებ.
1. მოუსმინეთ,
როგორ კითხულობს ბავშვი სკოლის წიგნებს შინ.
მოთმინებით
აღიჭურვეთ და ყურადღება მიაქციეთ, როგორ ვარჯიშობს ბავშვი კითხვაში. გააგებინეთ
ბავშვს, რომ ამაყობთ მისი მიღწევებით და სწავლით.
2. ხმამაღლა
თქვით ბგერები და სთხოვეთ ბავშვს, დაწეროს შესაბამისი ასოები.
თუ
თქვენს შვილს დამატებით სჭირდება დახმარება ასო-ბგერების შესწავლაში, ანბანის
ასოების ამოცნობაში, მაშინ მიუთითეთ ასოებზე და სთხოვეთ, რა ასოა ეს. ბავშვთან
ერთად შექმენით ანბანის წიგნი. დაახატინეთ სურათები ან ამოაჭრევინეთ ფოტოები
ჟურნალებიდან. ჩააკარით ეს მასალა წიგნში. ჩაკრული ილუსტრაციის გასწვრივ დაწერეთ
იმ სიტყვის პირველი ასო, რომელზეც იწყება ილუსტრაციაზე გამოსახული სიტყვა.
გაითვალისწინეთ,
რომ ეს უნარები გადამწყვეტ როლს თამაშობს იმაში, თუ რამდენად კარგად ისწავლის
თქვენი ბავშვი წერა-კითხვას.
3. სთხოვეთ
ბავშვს, იპოვოს უკვე ნასწავლი ასო-ბგერები იმ ნაბეჭდ მასალაში, რომელსაც
ერთობლივად კითხულობთ წიგნებში, კალენდრებში, იარლიყებზე, ჟურნალ-გაზეთებში.
4. ითამაშეთ
სიტყვების თამაშით.
ბარათებზე
დაწერეთ სიტყვები იმ ასო-ბგერების გამოყენებით, რომლებსაც ბავშვი იმ დროს
სწავლობს. რიგ-რიგობით აიღეთ ბარათები და ასო-ბგერები გამოიყენეთ სიტყვების
შესადგენად. შემდეგ კი სიტყვა გამოიყენეთ წინადადებაში.
წაახალისეთ ბავშვი, ივარჯიშოს წერასა და
მართლწერაში.
1. ხმამაღლა თქვით თქვენი ბავშვისთვის ნაცნობი
სიტყვა და გაამეორებინეთ მასაც. შემდეგ კი დაეხმარეთ, დაწეროს ეს სიტყვა, როგორც
ესმის.
2. დაწერეთ სიტყვა ფურცელზე და გამოჭერით ასოები
ცალ-ცალკე. აურიეთ ასოები ერთმანეთში და სთხოვეთ ბავშვს, დაალაგოს ისენი ისე, რომ
მიიღოს სიტყვა.
3. როდესაც ბავშვს უკითხავთ, მიუთითეთ იმ
სიტყვებზე, რომლებიც დაახლოებით ერთნაირად იწერება.
4.
ეცადეთ, ბავშვმა ხშირად ივარჯიშოს წერაში, მაგალითად, დაწეროს წერილები, მადლობის
ბარათები, საყიდლეის სია და ა. შ.
დაეხმარეთ ბავშვს ლექსიკური მარაგის გამდიდრებაში,
სამყაროს შემეცნებასა და გაგების უნარის განვითარებაში.
1.
როდესაც ერთად კითხულობთ რაიმეს, შიგადაშიგ
შეწყვიტეთ კითხვა და ესაუბრეთ წაკითხულის შინაარსსა და არსზე.
დაეხმარეთ,
დააკავშიროს ერთმანეთთან წიგნში აღწერილი ამბები, თავისი ცხოვრება და გამოცდილება,
ან სხვა წიგნი, რომელიც ერთად წაგიკითხავთ. დაუსვით შეკითხვები, რათა ისაუბროს
არამხატვრულ წიგნში წაკითხულ ინფორმაციაზე ან მხატვრული ლიტერატურის პერსონაჟებსა
და სიუჟეტებზე. წაახალისეთ ბავშვი, დაგისვათ შეკითხვები. სთხოვეთ, საკუთარი
სიტყვებით აგიხსნათ, რის შესახებ იყო წიგნი.
2.
სანამ დაასრულებთ ზღაპრის ან მოთხრობის კითხვას,
სთხოვეთ ბავშვს მიხვდეს, როგორ გაგრძელდება მოთხრობა და როგორი დასასრული
შეიძლება, ჰქონდეს მას.
3.
ესაუბრეთ ბავშვს იმ ახალ სიტყვებსა თუ ცნებებზე,
რომლებიც წაიკითხა ან მოისმინა.
სთხოვეთ, ახალი სიტყვების გამოყენებით
შეადგინოს წინადადებები და გამოიყენოს ეს სიტყვები სხვა სიტუაციებთან
მიმართებებში. დაეხმარეთ, მიიღოს უფრო მეტი ინფორმაცია ახალ იდეებზე ინტერნეტში
შესაბამისი ინფორმაციის მოძიებით.
4.
ერთად წაიკითხეთ ჟურნალ-გაზეთები. გაუჩინეთ ინტერესი იმის მიმართ, რაც ხდება
მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში
(იხილეთ ვიდეო).
(იხილეთ ვიდეო).
No comments:
Post a Comment