ცხოვრების წინსვლა, სოციალ-ეკონომიკური და პოლიტიკური ცვლილებები ახლებურ მიდგომას ეძებს და განათლების სისტემაში ნერგავს მას, რაც ახლებურად მოაზროვნე თაობას განვითარებისათვის სჭირდება. გამუდმებულ ძიებაში მყოფი კაცობრიობა ცდილობს წარსულის ფესვებიდან აღმოცენებული ყლორტები გაზარდოს, განავითაროს, რათა მისგან მიიღოს ის საზრდო, რაც უკეთილშობილესი საქმის - თაობების სრულყოფისათვის გამოადგება. უმთავრესი საზრუნავი - მემკვიდრის აღზრდა ახალ მოთხოვნებს იძენს. პედაგოგიკის დახშირტოტებული მეცნიერება მდიდარი გამოცდილების საფუძველზე პირმშო პედაგოგიკურ მეცნიერებებსაც ასაზრდოებს. და სწორედ სოციალური პედაგოგიკა უკვე დაფრთიანებული მემკვიდრეა დიდი პედაგოგიკისა.
ბავშვის აღზრდა - განვითარება მრავალმხრივი პროცესია, იგი მოზარდის სრულყოფილებაა და ზრუნვა იმისათვის, რომ მან დაიმკვიდროს თავისი ადგილი საზოგადოებაში, ჰქონდეს სრულფასოვნების განცდა და თვითდამკვიდრების უნარი, ე.ი მოხდეს მისი სოციალიზაცია. პიროვნების სოციალიზაცია - ადამიანის მიერ ქცევისა და მოქმედების გარკვეული სისტემის, ნორმებისა და ფასეულობების ათვისების პროცესია, რომელიც აძლევს მას საზოგადოების ღირსეული წევრობის უფლებას.
დღეს, სადაც ორგანიზებულად, კვალიფიცირებულად და მეცნიერულად დასაბუთებულად შეიძლება წარიმართოს მოზარდის სოციალიზაცია, სკოლაა, ხოლო ის უჯრედი, სადაც ფეხს იდგამს ბავშვი და იწყებს სამყაროს შეცნობას - ოჯახი, რომლის გავლენა ხშირად ვერ არის სწორად მიმართული სახელმწიფოს ეროვნული განათლების პოლიტიკის მიზნისკენ. ამიტომაცაა სკოლისა და ოჯახის პედაგოგიური თანამშრომლობა აქტუალური, ბავშვის აღზრდის მართებულად წარმმართველი უდიდესი ძალა.
სკოლა და ოჯახი ის ძირითადი მიკროფაქტორებია მოზარდის ცხოვრებაში, რომლებიც განსაზღვრავენ მის სოციალიზაციას, ინტეგრირებას საზოგადოებაში.
დღეს საყოველთაოდ მიღებულია მოსაზრება, რომ ძლიერია ოჯახის გავლენა მოზარდზე. წარსულის უმდიდრესი გამოცდილება გვიჩვენებს, თუ როგორ უფრთხოდნენ თავიანთ პატარებს მშობლები, ერიდებოდნენ მათ წინაშე უხამსი და შეუფერებელი სიტყვების თქმას, უხეშად მოქცევას, ოდითგანვე იცოდნენ, რომ აღსაზრდელს უნდა ჰქონოდა შესაფერისი გარემო, საჭირო წრე და სათანადო უნარ-ჩვევები საზოგადოებაში კუთვნილი ადგილის დასაკავებლად. წარსულის დაყრდნობით სადღეისო სირთულეების შესაბამისი გზების ძიება ხდება აუცილებელი, რათა აღიზარდოს ახალგაზრდა დამოუკიდებელი, სამართლიანი, ჰუმანური, საზოგადოების ღირსეული წევრი. პედაგოგიკა მუდამ აღიარებდა სოციალური გარემოს როლს პიროვნების ფორმირებაში თავისი მიკრო, მაკრო, მეზო თუ მეგაფაქტორებით.
ოჯახი უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტია მოზარდის სოციალიზაციაში. იგი პერსონალური გარემოა მისი ცხოვრებისა და განვითარებისათვის, რომლის ხარისხი, როგორც ა.მუდრიკი აღნიშნავს, განისაზღვრება კონკრეტული ოჯახის რიგი პარამეტრებით:
დემოგრაფიული - ოჯახის სტრუქტურა (დიდი ოჯახი - ითვლება დედ-მამა, შვილი, სხვა ნათესავებიც ან ნუკლეარული - მხოლოდ შვილები და მშობლები, ერთშვილიანი, მრავალშვილიანი)
სოციალურ-კულტურული - ოჯახის წევრთა საგანმანათლებლო დონე, მათი მონაწილეობა საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
სოციალ-ეკონომიკური - ქონებრივი მახასიათებლები და ოჯახის წევრების რაოდენობა.
ტექნიკურ-ჰიგიენური - ყოფითი პირობები, საცხოვრებლის მოწყობილობა, ცხოვრების წესის თავისებურებანი.
პედაგოგმა, რომ ბავშვთან ურთიერთობა სწორად ააგოს, მან კარგად უნდა შეისწავლოს სხვა პირობებთან ერთად ოჯახიც, მისი პედაგოგიური მზაობა.
ოჯახის შესწავლისას გამოიკვეთა, რომ დღევანდელი ოჯახები განსხვავდებიან არა მარტო სოციალ-ეკონომიკური მდგომარეობით, არამედ ფსიქო-ემოციურობითაც. მეცნიერები აღნიშნავენ, რომ სულ უფრო და უფრო ნათელია სწრაფვა ნუკლეარული ოჯახისაკენ, ბებია-ბაბუას განცალკევებისაკენ, რაც, რა თქმა უნდა, აშორებს მოზარდს გამოცდილებასთან, დაგროვილ ცოდნა-სიბრძნესთან, სხვა მორალური ურთიერთობების ჩვევებთან. დიდ ქალაქებში იშლება ზღვარი „მამაკაცურ“ და „ქალურ“ შრომას შორის /მუდრიკი.../ ამაღლდა ქალის ხელმძღვანელი როლი, გართულდა ურთიერთობა მშობლებსა და შვილებს შორის, ისინი ნაადრევად იძენენ მაღალ სტატუსს ოჯახში, ხშირად ითრგუნება მშობლის ავტორიტეტი.
უნდა აღინიშნოს, რომ ოჯახში ადამიანის სოციალიზაცია ხდება ტრადიციული მექანიზმებით, რაც, გარკვეულწილად, დადებითია.
პედაგოგმა უნდა იცოდეს, რომ ოჯახს გააჩნია მასოციალიზებელი ფუნქცია.
პირველ რიგში, ოჯახი განსაზღვრავს მოზარდის ფიზიკურ და ემოციურ განვითარებას; ახდენს გავლენას ბავშვის ფსიქოლოგიური უნარების ფორმირებაზე; აქვს წამყვანი როლი ბავშვის გონებრივ განვითარებაში.
ამერიკელი მკვლევარი ბლუმი მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გონებრივი განვითარების კოეფიციენტი წარმატებულ ოჯახებში გაზრდილი ბავშვისა და წარუმატებელი ოჯახის შვილისა განსხვავებულია და აღწევს 20 ქულამდე.
ოჯახი ახდენს გავლენას ურთიერთობაზე მოზარდებს შორის, განსაზღვრავს მათ წარმატებულობას სწავლისადმი. მას დიდი მნიშვნელობა აქვს სოციალური ნორმების ათვისებაში, აქ ყალიბდება ღირებულებათა ორიენტირები, ცხოვრების სტილი, დიდი როლი აქვს მოზარდის სოციალურ განვითარებაში.
როგორც ა.მუდრიკი აღნიშნავს, რუსეთში ოჯახების 25% არ შესწევს უნარი ბავშვების სოციალიზაციისა, 15% აყალიბებს კანონდამრღვევს. არსებობს ასეთი მონაცემები: მე-17-ს. ჩრდ. ამერიკაში ლოთმა მეთევზემ და მსუბუქი ყოფაქცევის ქალმა შექმნეს ოჯახი, რომელთა მემკვიდრეები хх ს, 30-იან წლებისათვის 2000 აღემატებოდა. მათგან საშუალოდ 55% იყო მაწანწალა, მსუბუქი ქცევის, გონებრივად სუსტი. ცხადია, ამ დასკვნას მთლიანად ვერ დავეთანხმებით, მაგრამ მასში არის ჭეშმარიტების მარცვალი. მომრავლდა ბავშვების გასხვისების, სახელმწიფოს მზრუნველობის ქვეშ ჩაბარების, არასასურველი ახალშობილების მოკვლის ფაქტები. ა.მუდრიკი ამის ერთ-ერთ მიზეზად მიიჩნევს ოჯახური კერების მოშლას. როგორც ცნობილია, ნებისმიერ ოჯახში ადამიანი გადის სტიქიურ სოციალიზაციას, ამ შემთხვევაში პოზიტიურია ოჯახური კერების არსებობა.
სოციალიზაციაში ერთ-ერთი წამყვანი როლი ეკისრება პედაგოგს, რომელიც სწავლობს რა აღსაზრდელის ოჯახურ გარემოს, მუშაობს მათთან სოციალური აღზრდის მეთოდების, უფრო ზუსტად, აღზრდის მეთოდების გამოყენებით. პირველ რიგში პედაგოგებმა უნდა მოახდინონ ოჯახების ტიპოლოგია აღზრდაში დაშვებული შეცდომების მიხედვით. ამ მხრივ, საინტერესოდ მივიჩნიეთ მ.შაკუროვის მოსაზრება, იგი გამოყოფს ოჯახთა შემდეგ ტიპებს:
ოჯახები, რომლებშიც აღზრდა მიმდინარეობს შემწყნარებელ-მიშვებულობის სტილით. მათ მიაჩნიათ, რომ „ყველა ბავშვი ასეთია“, „ჩვენც ასეთები ვიყავით“ - ე.ი. ისინი არ ანიჭებენ მნიშვნელობას ბავშვების მიერ დარღვეული ქცევის ნორმებს. აქ, მართლაც, სერიოზულად რთულია პედაგოგმა შეცვალოს მშობლების თვითდამშვიდების განწყობა და აიძულოს ისინი გონივრულად განსაზღვრონ თავიანთი შვილების საქციელი.
ზოგიერთი ოჯახი ქმნის თავის დამოკიდებულებას გარემომცველი სამყაროსადმი, პრინციპით „ჩვენი ბავშვი მუდამ მართალია“, ასეთი მშობლები აგრესიულები არიან მათ მიმართ, ვინც საყვედურობს მათი შვილების საქციელის გამო. ისინი დამნაშავეებს მუდამ სხვაგან ეძებენ. ასეთი ოჯახის შვილები განიცდიან მორალური ცნობიერების დეფექტებს, მატყუარები და მკაცრები არიან. მეტად რთულად ექვემდებარებიან ხელახლა აღზრდას.
აღზრდის დემონსტრაციული სტილის ოჯახში, მშობლები, უფრო მეტად დედები, არ ერიდებიან შვილის საქციელზე საუბარს, აშკარად აჭარბებენ მათი ქცევის შეფასებას, აცხადებენ, რომ იგი იზრდება „ბანდიტი“, რასაც მივყავართ იქამდე, რომ ბავშვს უქრება სიმორცხვე, თვითგანკიცხვის უნარი, ეხსნება თვითკონტროლი, გაავებულია მშობლებისა და უფროსებისადმი.
მკაცრი ავტორიტარული აღზრდის სტილის მქონე ოჯახში მშობლები მიმართავენ ძირითადად ფიზიკური დასჯის მეთოდს. შედეგი ცნობილია.
არსებობს პედანტურ-ეჭვიანობით აღმზრდელი ოჯახები. მშობლები არ ენდობიან და არ უჯერებენ თავიანთ შვილებს, ახდენენ მათ ტოტალურ, დამამცირებელ კონტროლს, თანატოლებისაგან იზოლირებას, სურთ აბსოლუტურად გააკონტროლონ მათი თავისუფალი დრო.
ისეთ ოჯახებში, სადაც მშობლები გაუთავებლად არიგებენ, უხსნიან, არ იყენებენ ნებისყოფაზე ზემოქმედების მეთოდებს, „თავზე აზიან ბავშვები მშობლებს“. პედაგოგი, თავისი სიმტკიცითა და მომთხოვნელობით ბავშვებისა და მშობლებისადმი, აღწევს შედეგს. ოჯახები, რომელშიც აღზრდა მიმდინარეობს სტილით - „ოჯახის კუმირი“, ლოცულობენ ბავშვზე, უსრულებენ ყველა თხოვნას, უვითარებენ თავიანთ შვილებს ეგოცენტრიზმს, ეგოიზმს (გვიან გაჩენილი ბავშვები). ამ სტილის აღზრდასთან დაკავშირებით სოლომონ მეფე წერს: „ბავშვს კერპად ნუ გაიხდი, თორემ, რომ გაიზრდება, თაყვანისცემას მოგთხოვსო“. (სოლომონის იგავნი 6:6)
არიან ოჯახები, რომლებიც არათანმიმდევრულ აღმზრდელებად ითვლებიან. როცა დედას არ ყოფნის გამძლეობა, მიჰყვეს თანმიმდევრულ აღზრდას. მას მოსდევს წყრომა, ცრემლები. საჭიროა თანმიმდევრული ქცევა, პრინციპულობა.
ზემოთ აღნიშნულ ოჯახებში, რომელშიც ჩანს პედაგოგიური კულტურის უკმარისობა, მათთან უჭირს ურთიერთობა მასწავლებელს, ხოლო ბავშვები ყალიბდებიან არასრულფასოვნები.
ბავშვების ჰარმონიული აღზრდა მოითხოვს მათ შეექმნათ თბილი პედაგოგიური გარემო, მშობლების მხრიდანაც. შესაძლებელია იგი სკოლის პედაგოგთა მიერ მშობლებთან, ოჯახთან წარმართული მუშაობით.
საბჭოთა სკოლებში მშობლებთან და საზოგადოებასთან პედაგოგიური განათლების ასამაღლებლად ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის მასწავლებლები ზრუნავდნენ. საბჭოთა საგანმანათლებლო სისტემა არ ითვალისწინებდა სოციალური პედაგოგის და საოჯახო აღზრდის პედაგოგთა სპეციალიზაციას.
დღეს შექმნილმა მდგომარეობამ, მატერიალურად მძიმე პირობებმა, უსახლკაროდ დარჩენილი, მათხოვრადქცეული ბავშვების არსებობამ სოციალური პედაგოგის აუცილებლობაც შექმნა.
დღეს გერმანიის სკოლებში სოციალური პედაგოგი სკოლისა და სასწავლო დაწესებულების განაკვეთზე მუშაობს. გაჩნდა ახალი ტიპის პედაგოგები: პედაგოგ - თერაპევტი, პედაგოგ - ეტიმოლოგი, პედაგოგ - ეკოლოგი და.ა.შ. საქართველოში პირველი ნაბიჯები იდგმება ამ სფეროში. 2004 წლამდე დარეგისტრირებული იყო 5200-ზე მეტი მიუსაფარი, სოციალური პედაგოგის საჭიროების მქონე ბავშვი, ამასთან 1502 ობოლი. დღეს 3000-მდე მზრუნველობამოკლებულია.
ამოქმედდა პროექტი „ბავშვი და გარემო“, „ქუჩის პედაგოგის სისტემა“. გაჩნდა მაგალითები, როცა ბავშვთა სახლის აღსაზრდელებმა ქველმოქმედება მოისურვეს, ე.ი. ისინი არ არიან მხოლოდ მიმღებნი, მათ გაცემაც შეუძლიათ. ფონდი „იავნანას“ ინიციატივით 2008 წლის გაზაფხულისათვის 200 ბავშვი დაუბრუნდა ოჯახურ კერას, 22 ბავშვმა მიიღო ბინა.
მოქმედებს აგრეთვე პროექტი „ახალი ცხოვრების დასაწყისი“, რომელიც ზრუნავს ბავშვთა სოციალიზაციაზე.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან არსებობს ბავშვებზე ზრუნვის სამმართველო, წარმატებული პროგრამით მუშაობს „საქართველოს კარიტასი“.
როგორც ვნახეთ, ბავშვთა ინტეგრაციისათვის ზრუნვა მიმდინარეობს, ამოქმედებულია საერთაშორისო პროექტები თუ პროგრამები. კარგი იქნება, თუ უმაღლესი სასწავლებლები დაინტერესდებიან სოციალური პედაგოგის მომზადებით, რომ სკოლებსა თუ მიკრორაიონებში ორგანიზებული და შემეცნებით, პედაგოგიურ პრინციპებსა თუ მოთხოვნებს დაყრდნობილი მუშაობა ჩატარდეს. ადამიანის სოციალიზაციისას მეგაფაქტორები, მაკროფაქტორები, მეზოფაქტორები, მიკროფაქტორები ახდენენ გავლენას.
„ჩვენმა საზოგადოებამ თავისი ძალისხმევა უნდა წარმოაჩინოს მიკროსოციუმში მუნიციპალური სოციალური პედაგოგის სამსახურის შესაქმნელად“. (ლ.ბიბილეიშვილი, მ.ტუღუში, სოციალური პედაგოგიკა. თბ.,2002)
როგორ უნდა იმუშაოს სკოლამ მოზარდის სოციალიზაციისათვის?
სკოლის კოლექტივებს გადაეშალათ ფართო შემოქმედებითი საშუალებები. იულია და ტატიანა ვასილკოვები აღნიშნავენ, რომ სკოლამ უნდა გადახედოს თავის პედაგოგიურ სოციალურ როლს. განათლების კანონებიდან გამომდინარე, განათლება უნდა მიმდინარეობდეს ბავშვების ინტერესების დაცვით. აღმზრდელობითი მუშაობა სკოლაში სწავლების დონეზე ვრცელდებოდეს, სკოლის მუშაობის ცენტრში უნდა დადგეს ბავშვის პიროვნება, მისი ინტერესები და მოთხოვნები, დამკვიდრდეს „არაძალადობის პედაგოგიკა“. მოეწყოს სკოლებში ბავშვთა თვითმმართველობები, საბავშვო გაერთიანებები, კლუბები. გატარდეს შემდგომი მუშაობა: სკოლის ადმინისტრაციამ, კლასის ხელმძღვანელმა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისათვის უზრუნველყოს უფასო კვება. სკოლის ფსიქოლოგმა შეისწავლოს ბავშვის ინტერესები, გაუწიოს კონსულტაციები. სკოლის ჯანმრთელობის სამსახური სწავლობს ბავშვთა ჯანმრთელობის მდგომარეობას. ალბათ, სოციალურ მუშაობას უნდა ხელმძღვანელობდეს დირექტორის მოადგილე და სამეურვეო საბჭო, სოციალური მუშაობის საკითხები განიხილებოდეს მშობელთა კონფერენციებსა, პედსაბჭოსა და სამეურვეო საბჭოს სხდომებზე.
სასწავლო ნაწილის გამგე, რომელიც ხელმძღვანელობს საწრეო, სექტორულ, საკლუბო მუშაობას, თვალყურს ადევნებს სოციალურად დაუცველი მოსწავლეების ჩართვას არასაგაკვეთილო მეცადინეობებში, ხოლო დაწყებითი კლასის მასწავლებლები სწავლობენ თავიანთი მოსწავლეების ოჯახურ პირობებს, ეხმარებიან მშობლებს რთული ბავშვის აღზრდაში.
საგნობრივი მასწავლებლები სწავლობენ ბავშვთა შესაძლებლობებს, ატარებენ მათთან დამატებით მუშაობას, აბამენ მათ წრეებისა და სექტორების მუშაობაში.
სკოლა თავისი აღსაზრდელების ოჯახებთან მჭიდრო კონტაქტით შეძლებს გააიოლოს პედაგოგიური პროცესები და მიაღწიოს სასურველ შედეგს.
„სკოლამ უნდა გაუხსნას ბავშვს გონება, გაუნათლოს, შესძინოს ჭკუისა და ზნეობის ამაღლებული და ხალხში კეთილდღეობის მომფენი ცოდნა,“ - წერდა იაკობ გოგებაშვილი და დღესაც უნდა უწინამძღვროს ოჯახსა და ბავშვს, შეაცნობინოს ერთმანეთი, დასახოს სიძნელეთა დაძლევის გზები და დაეხმაროს მათ ურთულესი პროცესის ჰუმანურად წარმართვაში.
მშობლებთან, ოჯახებთან მოფიქრებული და დროულად ზომიერი ურთიერთობა პედაგოგიურ მოთხოვნათა სიმაღლეზე ყოფნას ნიშნავს.
სკოლისა და ოჯახის ერთობლივ მუშაობაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მშობელთა პედაგოგიზაციას, მათში ელემენტარული პედაგოგიური კულტურის ამაღლებას საერთო მიზნის - ბავშვის სრულფასოვან პიროვნებად ჩამოყალიბების მიღწევაში.
No comments:
Post a Comment